თამაში განსაკუთრებული დროა. ეს არა მხოლოდ გართობის საშუალებაა, არამედ მას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბავშვების განვითარებაში. თამაში ეს მათი ”სამსახურია” და მათი გზა სამყაროს შესწავლისაკენ. თამაშის საშუალებით პატარები იძენენ ახალ უნარებს, ავითარებენ წარმოსახვასა და შემოქმედებითობას, ისინი სწავლობენ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან.
ბავშვისათვის ყოველ საქმიანობას შეიძლება ჰქონდეს თამაშის სახე, დაწყებული სათამაშო მანქანების გორიალით და დამთავრებული წინდების დახარისხებით. ნებისმიერი ტიპის თამაში ახალი უნარების სწავლისა და ვარჯიშის რამდენიმე შესაძლებლობას იძლევა.
თამაში აკმაყოფილებს ბავშვის ბევრ მოთხოვნილებებს - დახარჯოს ენერგია, დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, გაერთოს, გამოიკვლიოს გარემო, უსაფრთხო გარემოში ჩაატაროს ექსპერიმენტები. იგი განაპირობებს სენსორულ განვითარებასა და ფიზიკურ უნარებს, ქმნის რა ყველა საშუალებას, რათა ბავშვმა დახვეწოს და გააფართოვოს მიღებული ინტელექტუალური უნარები.
თამაში არ გულისხმობს აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევას ბავშვები ხარჯავენ ენერგიას, რათა სიამოვნება მიიღონ თვითონ თამაშის პროცესისაგან.
თამაშის სახეობები: საგნებით თამაში 4-5 თვის ბავშვი სწვდება სასურველ ნივთებს და მათ ხელში იჭერს. საგნებით თამაში ქმნის საფუძველს შემდგომში აზროვნებისა და მეტყველებისათვის. საგნებით თამაში იწყება უბრალო კვლევითი-მანიპულაციური მოქმედებით 5 თვის ასაკში და მთავრდება რთული იმიტაციებითა და ფანტაზიებით 3 წლის ასკში. 9 თვის ბავშვი საგნებს იქნევს და ურტყამს ერთმანეთს, ატრიალებს ყველა მიმართულებით, მაგარმ ჯერ კიდევ ვერ ერკვევა იმ საგნების დანიშნულებაში რომლებითაც მანიპულირებს. 12 თვისთვის პირში ჩადებამდე ჯერ კარგად აკვირდებიან და სწავლობენ საგანს. 15-18 თვისათვის ცდილობენ საგნები გამოიყენონ დანიშნულებისამებრ, მაგ: სვამენ ჭიქიდან, ივარცხნიან თმას. 21 თვისათვის უკვე იყენებენ ბევრს საგანს დანიშნულებისამებრ მაგ: აჭმევენ თოჯინას კოვზით, სვავენ თოჯინას სათამაშო მანქანაში და ა.შ. 3 წლის ასაკში შეუძლიათ თოჯინები აქციონ მოქმედ გმირებად მაგ: რომელსაც შეუძლია დაჩეხოს შეშა შემოიტანის და დაანთოს ღუმელი და ა.შ
ენობრივი თამაშები
ბავშვებს უყვართ სიტყვებთან თამაში, ისინი აერთებენ სიტყვებს, რათა მისცენ მათ ახალი მნიშვნელობა. უკანა პლანზე გადაინაცვლებს მეტყველების მთავარი ფუნქცია სიტყვების საშუალებით გადმოიცეს აზრი. ბავშვებს აინტერესებთ და თამაშობენ სიტყვებთან, ხმებთან. წარმოთქვამენ სხვადასხვა ბგერებსა და მარცვლებს განსხვავებულად - ლა ლა ლოლო, ლა ლა ლა ლოლო.
რატომ თამაშობენ სიტყვებთან? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს სახალისოა. მათ ამ თამაშზე ხშირად უფროსებს ეცინებათ, გარდა ამისა ეს საშუალებაა ივარჯიშონ გრამატიკაში, რასაც ამ პერიოდში ფლობენ.
როლური თამაშები და იმიტაციები
როლური თამაშის მთავარი სახე არის სხვადასხვა როლისა და სიტუაციის გათამაშება: ბავშვები თამაშობენ დედა-შვილობანას; ბაძავენ მშობლებს, რომლებიც მიდიან სამსახურში; ასახიერებენ ძიძას; ასეთ თამაშებს ქვია სიუჟეტურ – როლური თამაშები. ისინი გულისხმობენ არამარტო ვინმეს მოქმედებას არამედ ასევე ფანტაზიასა და ურთიერთქმედების ახალ საშუალებებს.
კონსტრუქციული თამაში
კონსტრუქციული თამაშების დროს ბავშვები სწავლობენ ზომას, სიგრძეს, ფორმას, წონას, პატერნებს-ყველაფერ იმას, რისი ცოდნაც შემდეგ სკოლაში დაჭირდებათ.
კონსტრუქციული თამაშის დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავად სცადოს რაღაცეების აშენება, შექმნა. თქვენი დახმარება იმაში მდგომარეობს, რომ აჩვენოთ რა და როგორ გააკეთოს.
კონსტრუქციული თამაშის მაგალითები
კოშკების აშენება-ჯერ დააკვირდით თვითონ რას გააკეთებს კუბიკებით და იმის მიხედვით აარჩიეთ მიზანი. მიზანი შეიძლება იყოს ნიკას კოშკი უფრო მაღალია ვიდრე დედას კოშკი.
ცომით თამაში-დაელოდეთ რას გააკეთებს, დაზელს, ნაზად შეიგრძნობს, თუ ფორმებს მისცემს და იმის მიხედვით აირჩიეთ მიზანი: ბურთს ვაკეთებ, ჩემი დიდია, შენი პატარა…
No comments:
Post a Comment